24 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში აჭარაბეთ არენაზე ბათუმის დინამო თბილისის დინამოს უმასპინძლებს
ჩემპიონატის ცხრილის სათავეში სწორედ ეს ორი გუნდი უდგას, ეს დაპირისპირება კი თბილისელებისთვის ძალიან საჭირო შესაძლებლობა იქნება, რომ პირველადგილოსანთან სხვაობა შეამცირონ
ბათუმის დინამო ტურნირის ლიდერია
ბათუმის დინამო მდევარს 5 ქულით უსწრებს და ამასთან ერთად თბილისელებზე ერთით ნაკლები მატჩიც აქვს ჩატარებული, ანუ პოტენციური სხვაობა გუნდებს შორის 8 ქულას შეადგენს
თბილისელებს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 63 გოლი აქვთ გატანილი - თერთმეტით მეტი ვიდრე ბათუმელებს. თუმცაღა ამ სხვაობის აღმოფხვრას აჭარული გუნდი შესანიშნავი დაცვითი ჩვენებით ახერხებს - ჩემპიონატის ლიდერებს 23 მატჩის შემდეგ მხოლოდ 23 გოლი აქვთ გაშვებული, რაც ეროვნული ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია
თბილისის დინამოსთან მატჩამდე ბათუმელები 16 სექტემბერს თელავს ესტუმრებიან, 20 სექტემბერს კი გორის დილასთან გადადებულ მატჩს ჩაატარებენ და ეცდებიან დერბის წინ მეტოქესთან სხვაობა 8 ქულამდე გაზარდონ
თბილისის დინამოს კი ბათუმში სტუმრობამდე უპრინციპულესი მატჩი - ქართული ელ კლასიკო ელის. 16 სექტემბერს არწივები ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებენ
თბილისელებს ბათუმში თამაში უჭირთ
აჭარაბეთ არენა თბილისის დინამოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული სტადიონია, გუნდს აქ ეროვნული ლიგის მატჩი 2017 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული
ევროთასებზე იმედის გაცრუების შემდეგ ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და უკანასკნელ 5 მატჩში ორივე დინამოს 4 მოგება და 1 ფრე აქვს, გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება კი სუპერთასის ფინალის პენალტების სერიაში გია ჭიაბრიშვილის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა