მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლიც საქართველოს გმირია.
პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ამაში თავისი დიდი წვლილი ვილი სანიოლსაც მიუძღვის.
ამ ადამიანმა ნამდვილად იცის, რა არის ტოპ დონე: თავად ითამაშა 2006 წლის მსოფლიოზე და კარლო ანჩელოტის მეთოდებსაც კარგად იცნობს.
ვილიმ ფეხბურთელობისას კინაღამ გერმანული მუნდიალი მოიგო, თუმცა ხელში მხოლოდ ვერცხლი და ზიდანზე დიდი წყენა შერჩა.
სანიოლის კარიერა სენტ-ეტიენში დაიწყო, რომლის აკადემიაშიც ის მხოლოდ 13 წლის ასაკში მოხვდა, იქამდე კი უცნობ გუნდებში დარბოდა. სანიოლი მუშა ფლანგის მცველი იყო - იშვიათად კაშკაშა, მაგრამ უკიდურესად სასარგებლო.
1997-ში სანიოლი მონაკოში გადავიდა, სადაც კლოდ პუელთან ერთად 1999/00-წლების ჩემპიონობა მოიპოვა. ფრანგმა მთელი სეზონი სტაბილურად ითამაშა და ბაიერნში ტრანსფერი დაიმსახურა, სადაც წასული მარკუს ბაბელის შემცვლელის როლი მოირგო.
ფრანგმა მიუნხენური გრანდის პირველივე სეზონიდან დაიპყრო ადგილი სასტარტოში. სანიოლს თასების ელიტური კოლექცია აქვს: ხუთი ბუნდესლიგა, ოთხი გერმანიის ჩემპიონატი, 2000/01-წლების ჩემიონთა ლიგა და კონტინენტთაშორისი თასი.
2006-ში სანიოლმა კინაღამ გერმანიაში გამართული მუნდიალი მოიგო. თუმცა, მაშინ ფრანგები ფინალში იტალიასთან დამარცხდნენ. თავად ვილიმ თავისი პენალტი გაიტანა - მეოთხემ დაარტყა, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი დარტყმა ფრანგებისთვის ბოლო გამოვიდა, მეხუთე დამრტყმელამდე საქმე აღარ მივიდა. მცველი შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ზიდანზე იყო მატერაცისთვის იმ თავური დარტყმის და წითლის გამო ნაწყენი.
„მისი ბოდიშები არ მივიღე, მასთან ლაპარაკიც არ მინდოდა. მან ეს ნაბიჯი საშინელ დროს გადადგა, ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით. საპირფარეშოში წავედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე. ამის შემდეგ, ორი წელი არ ვლაპარაკობდით." - იხსენებდა სანიოლი. ისინი მხოლოდ 2008-ში, ვილის ქორწილში შერიგდნენ.
30 წლისკენ სანიოლი ტრავმებმა შეაწუხა, თითქმის ერთი წელი ქუსლის მყესების გაწყვეტის გამო გაუცდა. ამან მის კარიერაზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ფრანგი ჯერ კიდევ წინა დაზიანებიდან იყო ახალი დაბრუნებული და ასეთი მძიმე ტრავმა მიიღო. ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებამ კარიერის 31 წლის ასაკში დასრულება გამოიწვია. შესაძლოა, თავისი კვალი ფელიქს მაგათის მეთოდებმაც დაატყო - ფიზიკურად ძლიერი სანიოლიც კი ვერ უძლებდა მის დატვირთვებს.
2013-ში სანიოლი 21-წლამდე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და ერთ წელში, ამ გუნდთან ერთად არცერთხელ არ წააგო. 9 მატჩში გუნდმა 7 გამარჯვება მოიპოვა, ბურთების სხვაობა კი 29:6-ზე ჰქონდა. იქ ის მუშაობდა ანტონი მარსიალთან, ლუკა დინთან, ფლორიან ტოვენთან და სხვა მომავალ ტოპებთან.
ასეთი შედეგების ფონზე სანიოლი სწრაფად წაიყვანა ბორდომ - იმდროისთვის ვილის ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად მოიაზრებდნენ. ვილიმ გუნდს სეზონი მე-6 ადგილზე დაამთავრებინა, რაც წინა სეზონზე უკეთესი შედეგი იყო და დამწყებისთვის კარგ შედეგად ჩაითვალა.
თუმცა, გუნდიდან სანიოლის წასვლა ხმაურიანი სკანდალით დაიწყო: 2014-ს შემოდგომაზე აღიარა, რომ მასთან ერთად ბორდო უფრო ნაკლებ აფრიკელს დაიმატებს, იმიტომ რომ ისინი ყოველ ორ წელიწადში, შუა სეზონში აფრიკის თასზე მიემგზავრებიან. ამის გამო, მას მალევე დასდეს ბრალი რასიზმში. ვილიმ თითქოს მოიბოდიშა, მაგრამ გუნდი მე-14 ადგილამდე ჩავარდა და ხელმძღვანელობას მწვრთნელის გაშვების მიზეზიც მიეცა.
2017-ში ფრანგი ბაიერნში დაბრუნდა - კარლო ანჩელოტიმ ის ასისტენტად დაპატიჟა. თუმცა, უკვე ორ თვეში იტალიელი გაუშვეს, სანიოლი კი დროებით მწვრთნელად ერთი მატჩით დატოვეს. შემდეგ კი, გუნდში დაუძახეს იუპ ჰაინკესს და ვილისთვის ნდობის გამოცხადების ვარიანტი არც განუხილავთ.
დიდი პაუზის, კერძოდ კი ოთხი წლის შემდეგ, სანიოლმა საქართველოს ნაკრებში ვლადიმერ ვაისი ჩაანაცვლა, რომელთან ერთადაც ნამდვილად შევიდა ისტორიაში. გუნდს წაიყვანს ქვეყანაში, სადაც თავის საუკეთესო წლებში, როგორც ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშობდა.
კომენტარები