-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება, სულ ჩატარდება 51 მატჩი. ჯგუფური ეტაპი 23 ივნისს დასრულდება, ამ დღეების უმრავლესობა გულშემატკივრებს 3-3 მატჩს შესთავაზებს.
24 გუნდიდან ყველა მინიმუმ სამ შეხვედრას ითამაშებს, საუკეთესო გუნდები კი შემდეგ ეტაპზე გადავლენ, სადაც ტურნირის მთავარი ფაზა დაიწყება.
11 ივლისს ფინალი გაიმართება, რომელსაც ლონდონის უემბლის სტადიონი უმასპინძლებს.
ავსტრიას ევროზე ძალიან ბევრი ნავსი აქვს გასატეხი. გუნდმა სანაკრებო ტურნირზე გამარჯვება ბოლოს 1990 წელს, აშშ-ს წინააღმდეგ მოიპოვა. მათ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 6 მატჩი ჩაატარეს მოუგებლად.
წითელი ეშმაკები გულშემატკივარს სანახაობას პირდებიან. საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა 40 გოლი გაიტანა და უკლებლივ ყველა მატჩი მოიგო. ბელგიელებს ისტორიაში ერთადერთი სანაკრებო ტურნირი აქვთ მოგებული - 1920 წლის ოლიმპიადა 101 წლის წინ.
ხორვატები ზედიზედ მეხუთე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს - 4 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის ეს უდიდესი მიღწევაა. ბოლო სანაკრებო ტურნირზე ხორვატებმა მოახერხეს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, სადაც გუნდი შეუჩერებელ საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა.
თუ ნერვიულობა არ გიყვართ, ჩეხეთის გულშემატკივრობას გირჩევთ. ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტების სერია აქვს მოგებული. ხოლო ანტონინ პანენკას გადამწყვეტი პენალტი 1976 წლის ფინალში დასავლეთ გერმანიის წინაღმდეგ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე იკონური კადრია.
ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს ახსოვს 1992 წელს დანიის ნაკრების ჩადენილი სასწაული, როცა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპიც ვერ გაიარა და ტურნირზე შემთხვევით მოხვდა, შემდეგ კი ადგა და მოიგო.
როგორც პიტერ შმეიხელი იხსენებს, მწვრთნელმა მაშინ გუნდს ერთადერთი დავალება მისცა - "თავი არ შეირცხვინოთო", თუმცაღა ახლა დანიას ტურნირზე ყველაზე მეტი, 14 წაგება აქვს განცდილი.
ინგლისის მატჩებში ყველაზე მეტი გოლი გადის. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ერთ მატჩში საშუალოდ 5.38 გოლი გადიოდა - ეს ყველაზე მაღალი შედეგია ევროპის მასშტაბით. სამი ლომი თავის მეათე ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, ისე რომ ტურნირი არც ერთხელ არ აქვთ მოგებული.
წელს ფინალი ინგლისშია, მოვიდა დრო ფეხბურთი "სახლში დაბრუნდეს"?
ფინეთი
ფინეთმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა 33-ჯერ სცადა, მაგრამ წელს ტურნირზე ისტორიაში პირველად მოხვდნენ. გუნდმა ეს ნამდვილად დაიმსახურა, მათ შესარჩევ ეტაპზე მატჩების 60% მოიგეს და მატჩში საშუალოდ 1.8 ქულას აგროვებდნენ.
საფრანგეთი
შემტევი ფეხბურთისა და სხარტი აზროვნების მქონე ფეხბურთელების მოყვარულებისთვის საფრანგეთი იდეალური გუნდია. ისტორიაში სულ ოთხჯერ მოხდა, რომ გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მატჩის მოგება შეძლო, აქედან სამჯერ ეს ფრანგებმა მოახერხეს.
დიდიე დეშამმა მუნდიალის შემდეგ ევრო ფეხბურთელის რანგში უკვე მოიგო, ახლა კი იგივეს გაკეთებას მწვრთნელის სტატუსით ეცდება.
გერმანია
გერმანია ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე გუნდია. ნაკრები ზედიზედ 26-ე სანაკრებო ტურნირს თამაშობს და ევროპის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული. ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვება (26) და ყველაზე მეტი გოლი (72) სწორედ გერმანელებს ეკუთვნით.
უნგრეთი
უნგრეთს ჯგუფში საქმე ძალიან, ძალიან მძიმედ აქვს. მათი სამი მეტოქე უკანასკნელი ევროპის ჩემპიონი პორტუგალია და უკანასკნელი 2 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები, საფრანგეთი და გერმანია არიან. თუმცა, წინა ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთმა კინაღამ პორტუგალია ჩატოვა ჯგუფში და წელსაც იგივეს გაკეთებას ეცდებიან.
იტალია
იტალიას ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი, 5 პენალტების სერია აქვს ნათამაშები და ფანებს ყველაზე ხშირად ანერვიულებს ხოლმე. მათ ევროს შესარჩევზე 40 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ და ბოლოს შეხვედრა 2006 წელს წააგეს.
იტალიელები ჯგუფის მატჩებს მშობლიურ რომში ითამაშებენ, რაც მათთვის სერიოზული უპირატესობა იქნება.
ჰოლანდია
ჰოლანდიას სანაკრებო ტურნირები მონატრებული აქვს - მათ ვერც წინა ევროპის ჩემპიონატზე და ვერც უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოახერხეს კვალიფიცირება და ოთხმოციანი წლების შემდეგ ყველაზე ცუდი სერია ჰქონდათ.
მაშინ გერმანიამ სანაკრებო ტურნირებზე დაბრუნება ევრო 88-ს გამარჯვებით აღნიშნა, შეძლებენ ფრანკ დე ბურის შეგირდები იგივეს გაკეთებას?
პოლონეთი
პოლონეთში ბევრის აზრით ბოლო პერიოდის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. ბაიერნის თავდამსხმელი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და საკლუბო სეზონში მან გერდ მიულერის ლეგენდარული რეკორდი დაამხო.
პორტუგალია
პორტუგალია მოქმედი ევროპის ჩემპიონი და ერთა ლიგის პირველი სეზონის გამარჯვებულია. კრიშტიანუ რონალდუ ეცდება თავისი კარიერის მესამე სანაკრებო ტიტული მოიგოს და ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს.
"ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებულები და ტიტულის დასაცავად უდიდესი შემართებით ვიბრძოლებთ" განაცხადა გუნდის მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა
შოტლანდია
შოტლანდიამ პლეი-ოფში სერბეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირზე მოსახვედრად უდრამატულესი გზა გამოიარა. ისინი სანაკრებო ტურნირს 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ და ჯგუფში მეზობელ ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
სლოვაკეთი
სლოვაკეთმა ბოლო 2 ტურნირზე მაღალი კლასი აჩვენა - მათ 2010 წლის მუნდიალზე ჯგუფში იტალიის ჩატოვება მოახერხეს და ევრო 2016-ზე პლეი ოფს მიღმა რუსეთის ნაკრები დატოვეს.
მარეკ ჰამშიკი ორივე ამ ტურნირზე თამაშობდა და გუნდს ახლაც დაეხმარება.
ესპანეთი
ტიკი-ტაკას მეფეები თავის სტილს არ ღალატობენ და ლუის ენრიკე გუნდში ტოტალური ფილოსოფიის ტრადიციის გაგრძელებას ცდილობს. მათ საკვალიფიკაციო დაუმარცხებლად გაიარეს, პასების საუკეთესო სიზუსტით, ყველაზე მაღალი ბურთის ფლობის მაჩვენებლით და კარის მიმართულებით განხორციელებული ყველაზე მეტი დარტყმით.
შვედეთი
შვედეთმა უკანასკნელ 3 ევროზე ჯგუფის გადალახვა ვერ მოახერხა, რაც ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. მათი მეტოქე ამ ჯგუფში ესპანეთი იქნება, მაგრამ შვედეთს ახალგაზრდა და იმედისმომცემი ნაკრები ჰყავს.
შვეიცარია
აი შვეიცარია ვლადიმირ პეტკოვიჩის თავკაცობით ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა. თუმცა პლეი ოფში პირველივე ეტაპზე გავარდნენ 2014, 2016 და 2018 წლებში. უკანასკნელ ერთა ლიგაზე მათ გერმანიისა და ესპანეთის წინააღმდეგ მოახერხეს მატჩების დაუმარცხებლად ჩატარება.
თურქეთი
თურქეთი დაცვითი გუნდია, რომელმაც საკვალიფიკაციოზე ნათამაშები 10 შეხვედრიდან 8-ში კარი მშრალად შეინახა და ამ შედეგით ევროპის მასშტაბით საუკეთესო იყო. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის წინააღმდეგ მათ 2 მატჩში 4 ქულა მოიპოვეს და ამით სეიროზული განაცხადი გააკეთეს.
უკრაინა
ანდრეი შევჩენკო ახალი თაობის შტაგონებას ცდილობს - უკრაინამ ევროპის ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო, ის ერთადერთი გამარჯვება კი 2012 წელს სვედეთის წინააღმდეგ მოიპოვეს. იმ მატჩში დუბლი სწორედ ანდრეი შევჩენკომ შეასრულა.
უელსი
ტურნირზე ავტომატური კვალიფიკაციით მოხვედრილ გუნდებს შორის, უელსს ყველაზე პატარა მოსახლეობა ჰყავს - 3 მილიონზე ნაკლები. წინა ევროზე გუნდმა ნახევარფინალამდე გააღწია.
კომენტარები

