ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) ოფიციალურ ვებგვერდზე ეთერ ლიპარტელიანის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მას „საოცარი ძალისა და გამძლეობის პატრონს“ უწოდებს.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ჩემპიონობისთვის ძალასთან, დისციპლინასა და ტექნიკასთან ერთად, უდიდესი ფსიქოლოგიური მდგრადობაა საჭირო. ქართველმა ძიუდოისტმა შარშანდელის მსგავსად, წელსაც მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა, თუმცა ამჯერად ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
წლევანდელი ტურნირი ეთერისთვის ორმაგად რთული და განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან ის ტატამიზე არა როგორც ტიტულის მაძიებელი, არამედ უკვე როგორც მოქმედი ჩემპიონი ისე წარდგა. ამას დაემატა უმძიმესი ფიზიკური ბარიერიც - ჩემპიონატამდე ორი კვირით ადრე, ვარჯიშზე ერთ-ერთი დაცემისას, მან ნეკნის ტრავმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის გამოტოვების რეალური საშიშროება არსებობდა, ლიპარტელიანმა ასპარეზობა ტკივილგამაყუჩებლებით გააგრძელა, წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა, ფინალამდე მივიდა და მხოლოდ იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა.