-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტი ცნობილია თავის გუნდებში კარგი ატმოსფეროს შენარჩუნებით, თუმცა უკმაყოფილო შეგირდებიც ჰყავს ხოლმე.
The Athletic-ის ინფორმაციით, რეალის ამჟამინდელ შემადგენლობაში მისით როგორც მინიმუმ სამი ფეხბურთელია უკმაყოფილო.
ლუკა მოდრიჩი
ხორვატი ნახევარმცველის უკმაყოფილების შესახებ პრესაში წელს საკმაოდ ხშირად იწერება. მთავარი მიზეზი - ვეტერანი ამ სეზონში როტაციის ფეხბურთელის როლს უფრო ასრულებს და მნიშვნელოვან მატჩებში ხშირად სკამზე რჩება, რადგან კარლო ფსონს ახალგაზრდებზე აკეთებს.
მოდრიჩთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ გასულ ზაფხულს, კონტრაქტის გახანგრძლივებისას, ლუკას სულ სხვა რამეს დაპირდნენ და ლუკა ფიქრობს, რომ მისი როლი არა თამაშის ხარისხიდან, არამედ ასაკიდან გამომდინარეობს.
ლუკა და კარლო კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელი ამ სეზონში მიღებული როლით კმაყოფილი არ არის.
არდა გიულერი

მეორე უკმაყოფილო ფეხბურთელი თურქი ახალგაზრდა შემტევია, რომელიც რეალს გასულ ზაფხულს შეუერთდა. ტრავმებმა ის თამაშგარეში ექვსი თვით დატოვა, 19 წლის არდას დებიუტი მხოლოდ 2024 წლის იანვარში შედგა.
მას შემდეგ, გიულერმა მოედანზე 92 წუთი გაატარა და ამ სიტუაციით უკიდეგანოდ უკმაყოფილოა.
სიტუაცია იდეალურისგან შორს არის, რადგან გიულერს სათამაშო დროის საგრძნობლად გაზრდა სურს, რაც ლოგიკურად წარმოქმნის საუბრებს მის სხვაგან წასვლაზე, თუნდაც იჯარით.
ნაჩო ფერნანდესი
წინა ორი ფეხბურთელისგან განსხვავებით, ესპანელ მცველს ამ სეზონში სათამაშო დრო რეგულარულად ეძლევა, პირველ რიგში ედერ მილიტაოს და მოგვიანებით დავიდ ალაბას ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო. გასულ სეზონთან შედარებით, ნაჩოს სათამაშო დრო გაიზარდა კიდეც, თანაც ბენზემას წასვლით ის გუნდის კაპიტანი გახდა.
თუმცა, წყარო წერს, რომ მისი ურთიერთობა კარლოსთან ამ სეზონში განსაკუთრებით დაიძაბა. მცველი უკმაყოფილო რჩება იმ ფაქტით, რომ ბოლო მატჩებში, როცა სიტუაცია რეალის გეგმით არ შედის, ის პირველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიელს მოედნიდან გაჰყავს.
მაგალითად, ნაჩო ალმერიასთან მატჩში შესვენებაზე შეცვალეს, როცა რეალი 0:2-ს აგებდა (საბოლოოდ 3:2 მოიგო). მოედნის დატოვება მოუწია ფერნანდესს სევილიასთანაც, როცა 0:0 იყო და რეალს გოლი სჭირდებოდა. საბოლოოდ, სხვაობა მოედანზე ნაჩოს ნაცვლად გამოსულმა ლუკა მოდრიჩმა, ბრწყინვალე შორეული დარტყმით შექმნა.
ამ ყველაფრის ფონზე, კაპიტანი საკმარის ნდობას მწვრთნელისგან ვერ გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მედიასთან ანჩელოტი მასზე ძალიან დადებითად ლაპარაკობს.
კომენტარები
